მუნჯის კივილი

გაგიგონიათ როგორ კივის მუნჯი ადამიანი? ან როგორ ტირის? იქნებ ყვირის?

24-01-2022 1 წუთი წასაკითხად

მუნჯის კივილი

დღეს ყველამ ვნახეთ ვიდეო, სადაც პოლიციელი არასრულწლოვან ბიჭს, რომელსაც არც სმენა აქვს და ვერც ლაპარაკობს, რადგან ყრუ და ''მუნჯია'', ჯერ დაცინის ხოლო შემდეგ უმოწყალოდ სცემს. ამ ყველაფერს კი მეორე პოლიციელი უყურებს. აი ასე დგას და უყურებს. 

თუმცა ამ ვიდეოში გარდა ცემისა, ყველაზე სულისშემძვრელი მუნჯი ადამიანის კივილია, შიშისგან კივილი, წინააღმდეგობის კივილი, უსამართლობასთან შეჯახების კივილი, კივილით ნათქვამი დაუცველობა, გრძნობები, რომელსაც ვერასდროს სიტყვით ვერ გადმოსცემს, შიში რომელსაც ვერასდროს სიტყვით ვერ აგვიხსნის და ბოლოს განწირული კივილი, რადგან არც ესმის რატომ სცემენ, ვერც აუხსნიან რომ უბრალოდ ცემს პოლიციელი არაფრის გამო. ვერ აუხსნიან რადგან არ ესმის, ვერ გვეტყვის რადგან ვერ ლაპარაკობს.

მუნჯის კივილი პირველად იუსტიციის სახლის წინ მოვისმინე, ალბათ ბევრს გეცოდინებათ ქალი რომელიც იუსტიციის სახლის წინ იჯდა და ფულს ითხოვდა კივილით, რომელიც ვერ ლაპარაკობს, თან სულ იქ იჯდა, თითქოს იქ მისვლას თან ახლავდა ამ კივილის გაგონება. 

მაგრამ რაც დღეს მოვისმინეთ და ვნახეთ, ეგ ძალიან რთულია დაგავიწყდეს, ძალიან რთულია თავიდან ამოიგდო უსუსური ადამიანის ცემა, ადამიანის რომელსაც მეტყველება არ შეუძლია, რომელიც ვერც კი კითხულობს რატომ სცემენ და მხოლოდ კივილი შეუძლია. განწირული კივილი. 

მუნჯის კივილი, სრულიად დაუცველის, რომელსაც კანონის და ძალაუფლების ძალით შეპყრობილი მანიაკი, ცხოველი პოლიციელი უმოწყალოდ ამცირებს, ცემს, დაცინის, ანადგურებს, ანადგურებს ყველაფერს რაც კი ამ ადამიანს აქამდე განუცდია, ანადგურებს ყველაფერს ადამიანურს და საბოლოოდ ანადგურებს იმ ერთადერთ იმედს რომ ასეთ ადამიანებს სამყარო კარგი ეგონოთ. 

წარმოგიდგენიათ რას ფიქრობს არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც ამ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას დაცინის, პოლიციელი დაცინის და ცემს? 

რა არის ყველაზე დიდი უსამართლობა? სუსტის დაჩაგრვა, რა არის ყველაზე დიდი ბოროტება? ყველაზე წმინდა და სუფთა ემოციების და ფასეულობების განადგურება და დიახ ეს მოხდა დღეს, ამ ადამიანში ბოროტებით სავსე ადამიანში, რომელსაც ასევე ბოროტებით სავსე მეორე პოლიციელი ხელს არ უშლის და უყურებს, როგორ ცემს არასრულწლოვან შშმ პირს, არასრულწლოვან ბიჭს, ბავშვს, ადამიანს, რომელიც სუსტია, რომელიც კივის, კივის და მხოლოდ კივის და სხვა წინააღმდეგობას ვერ უწევს, გარდა კივილისა. 

მუნჯის კივილი.

არასდროს მომისმენია ამაზე განწირული ხმა, ამაზე წინააღმდეგობრივი ხმა, ამაზე დაუცველი ხმა, ამაზე უსამართლობის ხმა, ამაზე უსუსურობის ხმა. 

ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს, დაისაჯოს სამაგალითოდ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ბიჭი.. ადამიანი რომელიც ვერ ლაპარაკობს და არ ესმის.. ბიჭი რომელიც თან ჯერ კიდევ არასრულწლოვანია. 

მუნჯის კივილი კი ყველაზე რთული მოსასმენია, რადგან ყველაზე რთულია წარმოიდგინო შენი თავი ამხელა უსამართლობის წინაშე და ვერ ყვიროდე,  ვერ ითხოვდე შველას, ვერ ამტკიცებდე შენ სიმართლეს, ვერ უწევდე წინააღმდეგობას, ვერ იცავდე შენ თავს, ვერ აგინებდე, ვერ პასუხობდე უსამართლოდ ჩაგვრას, რადგან ვერ ლაპარაკობ, რადგან არც გესმის და მაინც უმოწყალოდ პოლიციელი გცემს, კანონი გცემს, სახელმწიფო გცემს, საზოგადოება გცემს.

დიახ ეს პოლიციელია ის რაც ჩვენ ვართ, რაც გავხდით მთელი ქვეყანა, სუსტების მჩაგვრელები, დამცინავები, ბოროტები, პატარა ძალაუფლებით რომ თავი მეფე გვგონია და დიახ ზუსტად ასე კივის ყველა ჩაგრული ამ ქვეყანაში, ზოგის გვესმის, ზოგის არ გვესმის, ზოგი არც კივის რადგან გულში კივის,  დიახ ამ ბიჭის კივილია ზუსტად ის ხმა რაც ჩვენ ყოველდღე უნდა გვესმოდეს რომ ცოტა გამოვფხიზლდეთ, აზრზე მოვიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის ცხოველები ჩვენში და ჩვენ გარშემო. 

 

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინის დასახმარებლად

ქართველმა მილიარდერმა და დიდმა მეცენატმა, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და მმართველი პარტიის თავჯდომარემ, ყოვლისშემძლემ და ბატონმა 1 მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინის დასახმარებლად. უი ამაზონის ტყეებისთვის ყოფილა, სორი

27-02-2022 0 წუთი წასაკითხად